Home Blog გვერდი 102

ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ნარუჯა-ლაითურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები უკვე ახალი გზით ისარგებლებენ.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 სოფლის დამაკავშირებელ 7 კმ-იან გზას. აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყო ეზოში შესასვლელები.

აღნიშნულ გზაზე გზის დაზიანების შედეგად გადაადგილება ჭირდა და მოსახლეობისთვის გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენდა.

სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით განახორციელდა, მისი ღირებულება 4 მილიონი ლარია.

დუშეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ პირმისაანთკარის და სოფელ ბარისახოს საჯარო სკოლებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერები გამოაცხადა.

აღნიშნული სკოლების გარდა დუშეთის მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ დუშეთის Ν1 საჯარო სკოლას.

სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა

0

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოთის საფეხბურთო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიის ფარგლებში ფოთის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე სიმბოლური ამხანაგური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს მოყვარულთა თასის გამარჯვებული ფოთის „ჭაბონამა“ და სხვადასხვა თაობის ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ სფფ-ის გუნდი დაუპირისპირდნენ.

პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი განათებით, ტრიბუნით, გასახდელებითა და ადმინისტრაციული შენობით. საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, UEFA-ს პროგრამა ჰეთ-თრიქისა და FIFA-ს პროგრამა “ფორვარდის” თანადაფინანსებით განხორციელდა.

საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ფოთის საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა კლუბები.

ტექნიკური ცენტრის მოვლა-პატრონობას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ციხისძირს მალე განახლებული კულტურის სახლი ექნება. მშენებელი კომპანია ადგილზე დასკვნით სამუშაოებს ასრულებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, ღონისძიებებს თვალყური ახალ თანამედროვე სახის შენობაში ადევნოს.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დასრულდა მინი საფეხბურთო სტადიონის მოწყობაა. სპორტული მოედნით სარგებლობა სოფელ წეროვანში მცხოვრებ ახალგაზრდებს უკვე შეუძლიათ.

წყალტუბოში 140 დევნილ ოჯახს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა

კიდევ 140 დევნილი ოჯახი წყალტუბოში ახალაშენებულ კორპუსებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის პირობებში იცხოვრებს.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მთავრობის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო მოედნები, რეკრეაციული სივრცეები და ავტოსადგომი მოეწყო, გზებზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, გარე განათება დამონტაჟდა და სანიაღვრე სისტემები გაიმართა. ორივე კორპუსს აქვს პანდუსები და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

წყალტუბოში დევნილებისთვის კიდევ 6 კორპუსი შენდება, სადაც ბინა, დამატებით, 420 ოჯახს გადაეცემა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება

მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

ბანძის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ გამოიყო 52 000 ლარი. მოსახლეობის მიერ სოფლის კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

ამ დროისთვის, ბანძაში მიმდინარეობს შემდეგი სამუშაოები: მოსაცდელის მოწყობა, საპირფარეშოს მშენებლობა და ლეკეკელეში გარე-განათების მოწყობა.

ბანძაში, კერძოდ ლევახანეში ორი ხიდ-ბოგირის და წყალსაწრეტი არხის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია.

უახლოეს დღეებში, სტადიონის შემოკავების და ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი ოფისი გაიხსნა

0

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა.

გორგასლის ქუჩა №22-ში მდებარე შენობაში საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფისები განთავსდება და მასში ამ სამსახურების 1100-ზე მეტი თანამშრომელი იმუშავებს, რომლებიც ამ დრომდე სამსახურებრივ მოვალეობებს ოთხ სხვადასხვა ოფისში ასრულებდნენ.

ერთ სივრცეში გადასვლით შემცირდება ადმინისტრაციული, ლოჯისტიკური თუ ტრანსპორტირების დანახარჯები და მნიშვნელოვნად გაიზრდება სამუშაოს ეფექტიანობა, გაუმჯობესდება კოორდინაცია და დაიზოგება სამუშაოს შესრულების დრო.

საჯარო რეესტრისა და ციფრული მმართველობის სააგენტოს შენობა პირველი საჯარო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც თანამშრომელთა შვილებისათვის საბავშვო ბაღი იმუშავებს. ეს ნოვაცია თანამშრომლებს დროის ეფექტურად დაგეგმვაში დაეხმარება და ორგანიზაციულ კლიმატსაც გააუმჯობესებს.

ოფისის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და 2020 წლის 15 აგვისტოს დასრულდა. 12-სართულიანი შენობის საერთო ფართობი 15 373 კვ. მეტრია. თანამედროვე და კეთილმოწყობილი სამუშაო სივრცე მორგებულია როგორც თანამშრომლების, ისე მოქალაქეების ინტერესებსა და საჭიროებებს.

კომფორტული სამუშაო ოთახების გარდა შენობას აქვს სპეციალური სივრცე მოქალაქეთა მისაღებად – ზეპირი მოსმენებისა და აუდიენციების ოთახები, 180 პირზე გათვლილი საკონფერენციო დარბაზი. შენობა ხელმისაწვდომია შშმ პირებისათვის – აღჭურვილია პანდუსით და ეტლით მოსარგებლეთა ლიფტით.

მცხეთაში ახალი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

0

წლის ბოლომდე ქალაქ მცხეთას კიდევ ერთი ახალი თანამედროვე რეკრეაციული ზონა შეემატება. სკვერის მოწყობის სამუშაოები კოსტავას ქუჩაზე მიმდინარეობს.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება ღირებულება 463 700 ლარია, დასრულების ვადა დეკემბრია, თუმცა, სამუშაოები ვადაზე ადრე ნოემბერში დასრულდება.

სკვერში გამწვანების და სველი წერტილები, საბავშვო ატრაქციონები და ბილიკები მოეწყობა. სკვერის რეაბილიტაციის გარდა კოსტავას ქუჩაზე ბორდიულები იცვლება, ეწყობა ტროტუარებიც.

სამუშაოები ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ხორციელდება და მისი ღირებულება 865 700 ლარია.

მოქალაქეებს გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერებათ

0

თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ 2009 წლიდან სხვადასხვა მომსახურების გამო დავალიანება ერიცხებათ, ჩამოეწერებათ.

თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს, რომლებსაც სამხედრო ჰოსპიტალის მიმართ ხანდაზმული დავალიანება (სამი და მეტი წელი) გააჩნიათ 1 მლნ 600 ათასი ლარი ჩამოეწერებათ. ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1000-მდე ადამიანს შეადგენს.

მოგახსენებთ, რომ სამხედრო ჰოსპიტალი უფასო სამედიცინო მომსახურებას უწევს სამხედრო მოსამსახურეებს, ხოლო მოქალაქეებს ჰოსპიტალი დაფუძნების დღიდან ფასიან სამედიცინო სერვისს სთავაზობს.

სამხედრო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და გააჩნია მომსახურების მაღალი ხარისხი, შესაბამისად, მოქალაქეები ჰოსპიტალს სამედიცინო მომსახურებისთვის ხშირად მიმართავენ. ცხადია, აღნიშნული მომსახურება გარკვეულ ფინანსურ უზრუნველყოფას მოითხოვს და ჰოსპიტალი შემოსავლებს  პაციენტებისაგან იღებს.

ჰოსპიტალის მიმართ ჯერ კიდევ 2009 წლიდან მოქალაქეების გარკვეულ რაოდენობას, რომლებსაც ჰოსპიტალის მომსახურება აქვთ მიღებული, დავალიანება ჩამოეწერებათ.

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები სრულდება

ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.

წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ზუგდიდში პირველად აშენდა.

ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს, რაც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებისა და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს.

სამუშაოების 95% შესრულებულია ზუგდიდის წყალარინების (კანალიზაციის) გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაზე, მასშტაბური პროექტის დასრულება 2020 წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდში მცხოვრები 54 000 ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

ქალაქის წყალარინების ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია აგვისტოს დასაწყისში დასრულდა.

პროექტებს, რომელთა ღირებულება 125 მილიონ ლარზე მეტია, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში წყალმომარაგება-წყალარინების 8 პროექტი მიმდინარეობს, ჯამური ღირებულებით 357 მილიონამდე ლარი.